მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თავად რუსები არ იტყვიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“, სჯობდა, თავად ეთქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.
„ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის უფრო ესმით, რუსეთთან უფრო ახლოს არიან, რუსეთის შეშინება არ უნდათ, რუსეთის კარგი გაგება ივანიშვილის ძლიერი მხარეა და ა.შ. მაგრამ მე ის მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თავად რუსები არ იტყვიან. ჯობია, თავადვე ეთქვათ, რომ ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკება გვქონდა. გასაგებია, შეიძლება ბევრად უფრო მტკივნეული ყოფილიყო, ვიდრე ის, რაც მოხდა, როცა ფრენები აღადგინეს. ყოველ შემთხვევაში, მეორე დარტყმას არ მიიღებდნენ. ახლა რას აპირებენ და ამას როგორ გაამართლებენ, არ ვიცი, მაგრამ თავისთავად გავრცელებული ამბავია, რომ რუსეთი გადაგაგდებდა. გადამგდებები არიან ყველა საერთაშორისო ურთიერთობებში, კონტრაქტებში და ა.შ. ძალიან უცნაურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ამას ვერ ხვდება, როდესაც რუსეთთან თანამშრომლობაზე ფიქრობს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“.