სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა დავალიანების ჩამოეწერაზე, ამაშიც გამოჩნდა, როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტუდენტებს საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებენ.
„ეს თემა იყო მოუგვარებელი წლების განმავლობაში. მანამდეც ძალიან ბევრი დისკუსია იყო ამ საკითხზე. მოვიკითხე ეს საკითხი და განათლების მინისტრს აღნიშნული პრობლემა დავამუშავებინე. გამოიკვეთა, რომ 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდა სტატუსი. ეს იყო დაახლოებით ჯამში, 40 მილიონი ლარის დავალიანება. დავავალე მინისტრებს, სასწრაფოდ გამოენახათ გამოსავალი. მათ გამართეს შეხვედრები. მადლობა ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. ჩამოაწერეს, გაუნულეს დავალიანება სტუდენტებს.
უნივერსიტეტებს შევთავაზეთ, პირდაპირ არჩევანი დავუყენეთ, რომ შეუძლიათ, ჩამოაწერონ ან არ ჩამოაწერონ. არჩამოწერის შემთხვევაში, ჩვენ შევიძენდით ამ პორტფელს, დავალიანების პორტფელს. ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში. რაც ყველაზე საინტერესოა, ყველაზე ბევრს ვინც ხმაურობდა, „ნაცმოძრაობა“ და ოპოზიცია, თითქოს ძალიან აღელვებდათ სტუდენტების ბედი, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ. მეორე იყო ბენდუქიძის უნივერსიტეტი. მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა გვითხრა უარი დავალიანების განულებაზე. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ჩამოვაწერთ დავალიანებას, ავანაზღაურებთ. ამაშიც გამოჩნდა, როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია იყო ყალბი. ადამიანებს, სტუდენტებს იყენებენ ინსტრუმენტად საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.