არ წყდება სპეკულაციები ეროვნული ბანკის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ აჟიოტაჟიც ჩაცხრა სავალუტო ბაზარზე და კურსიც დასტაბილურდა, თავდაპირველი რყევის შემდეგ. ამჯერად სპეკულაციის მორიგ თემად ოპოზიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული თანამშრომლობის საკითხი წამოწია და როგორც ჩვევიათ ტყუილ-სიმართლის ნაზავით არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სურს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დროებით შეჩერება, რის შესახებაც მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი, ნათია თურნავას 19 სექტმებრის ბრძანებას დაუკავშიროს.
ექსპერტის განმარტებით, სავალუტო ფონდს არ გაუკეთებია განცხადება საქართველოში პროგრამის შეწყვეტის თაობაზე.
“არ წყდება სპეკულაციები ეროვნული ბანკის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ აჟიოტაჟიც ჩაცხრა სავალუტო ბაზარზე და კურსიც დასტაბილურდა, თავდაპირველი რყევის შემდეგ. ამჯერად სპეკულაციის მორიგ თემად ოპოზიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული თანამშრომლობის საკითხი წამოწია და როგორც ჩვევიათ ტყუილ-სიმართლის ნაზავით არის წარმოდგენილი. სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის დროებით შეჩერება ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანებას არასწორად მიაბეს. სრული აბსურდი და დიდი ტყუილია, თითქოს სავალუტო ფონდი სებ-ში შექმნილი სიტუაციის გამო აპირებდეს საქართველოდან გასვლას, ახლა კი ისე სურთ წარმოაჩინონ თითქოს სავალუტო ფონდის გასვლა ლამის უკვე უკვე დამდგარი ფაქტი იყოს და აპოკალიფსად არის წარმოსახული. რასაც მოყვება საბანკო და მთლიანად ფინანსური ბაზრის კრიზისი, ხოლო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ვარდნის გამო, კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ და გაუძვირდებათ საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა, რაც თავის მხრივ გააძვირებს რა საბანკო კრედიტებს, ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, ბიუჯეტზე და ა.შ.
ამ დროს რეალურად საუბარია არა სსფ-ის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, კიდევ უფრო რომ დავაზუსტო პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებაზე, რაც ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ივლისში. სსფ-ის ეს გადაწყვეტილება კი დაკავშირებული იყო ზაფხულში ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან. მით უმეტეს თავად სავალუტო ფონდს არანაირი განცხადება საქართველოში პროგრამის შეწყვეტაზე არ გაუკეთებია.
აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიური შეფასება, და სურვილი სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლებაზე! აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სავალუტო ფონდთანაც, პროგრამის გაგრძელებაზე და ვფიქრობ, თავად სავალუტო ფონდისათვისაც არანაკლებად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს საქართველოში! აქვე დავამატებდი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.
ამასთან, სსფ-ის ყველა ბოლო შეფასებით განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შეფასებისას, მათ შორის 11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში ერთობლივი ბრიფინგზე ცალსახად იყო აღნიშნული ის დიდი პროგრესი რაც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა უმოკლეს ვადაში შეძლო. მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელია გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზრდის მაღალი ტემპი მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, ხოლო ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი არის მკვეთრად გაუმჯობესებული, იქნება ეს სახელმწიფო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი თუ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. პირობითად სსფ-სთან წარმოქმნილი გაუგებრობა რისკ-მენეჯმენტის ფაქტორიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს და ნაკლებად პოლიტიკურ ჭრილში. დრომაც აჩვენა ამ გადაწყვეტილების სისწორე, როდესაც კინაღამ საბანკო კრიზისში შევედით, როდესაც 3 ვიცე პრეზიდენტი ერთდროულად გადადგა. სებ-ის პრეზიდენტს დისკრეციის უფლება ცალკეულ შემთხვევებში ისედაც ჰქონდა ტყუილს კი როგორც ყოველთვის მოკლე ფეხები აქვს, სწორედ სიცრუის და ფეიკების ტირაჟირების გამოა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რეიტინგები შეუქცევადი ვარდნის ფაზაში, რის ყველაზე კარგ ინდიკატორსაც ნაციონალურ მოძრაობაში არსებული შიდა დაპირისპირება და საქმის გარჩევები წარმოადგენს!” – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.