GD Banner
პოლიტიკა

რუმინეთის სენატის პრეზიდენტი – რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რუმინეთში ვიზიტი ასახავს კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას რუმინეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის ჩვენს პარლამენტებს შორისაც, – ამის შესახებ რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც ახორციელებს საქართველო.

ამასთან, რუმინეთის სენატის პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დღევანდელი ვიზიტი ასახავს კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას რუმინეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის ჩვენს პარლამენტებს შორისაც. როგორც ცნობილია, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც ახორციელებს საქართველო.

ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს. ჩვენ ვართ მზად და ღია, გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეგვიძლია, განვიხილოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს და ქვეყნები მზად არიან, ერთად იმუშაონ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის.

„მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას ამ ვიზიტისთვის, რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა