“ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა,” – ეს განცხადება “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
როგორც დეპუტატი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ პროკურორს მოქალაქეობა უნდა ჩამოართვას. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ფარცხალაძემ ბანკებიდან დიდი ოდენობის ფულის გამოტანა უკვე მოასწრო.
ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომელიც სებ-ში ახალი კანდიდატების წარდგენას ეხება. როგორც დეკანოიძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი, რომ ამ ორი კანდიდატის წარდგენით “ოცნების” ლუსტრაცია მოხდებოდა, მიუღებელია. როგორც დეკანოიძე ამბობს, თუ მხილება სურდა პრეზიდენტს, ამისთვის განცხადების გაკეთებაც და საზოგადოების გაფრთხილება საკმარისი იქნებოდა.
ვეთანხმები პრეზიდენტს იმ შეფასებაში, რომ სებ- ის ეს გადაწყვეტილება არის რუსული გადაწყვეტილება და ის „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს აძლევს საშუალებას, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად თავი აარიდოს სანქციებს და გამოიტანოს ძალიან დიდი რაოდენობით ფული. ჩემი ინფორმაციით, ასეთი ფული გამოტანილია.
რაც შეეხება პრეზიდენტის არგუმენტს, რომ ქალბატონი ყეინიშვილის და მეორე კანდიდატის წარდგენა მოხდა მხოლოდ ლუსტრაციისთვის, ამას ვერ გავიზიარებ. იყო მცირე შანსი ან საერთოდ არ წარდგენილიყვნენ მსგავსი კანდიდატები ან გამოსულიყო ქალბატონი პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებამდე და ეთქვა, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის. ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. მისი არგუმენტი ვფიქრობ, საკმაოდ სუსტია, რადგან „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ძალიან დიდი ხანია დასრულებულია.
ასევე, ჩემი მოსაზრებაა და ამ ნაწილში მე გავაკრიტიკებ პრეზიდენტს, რომ „ეფესებეს“ აგენტს, რომელსაც ექნებოდა მხოლოდ რუსული პასპორტი, დაბრკოლება შეექმნებოდა ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას, ხოლო ქართული პასპორტით არ ექმნება, ჩვენი პასპორტი სარგებლობს უვიზო რეჟიმით. ასევე ქართული პასპორტით ის სერიოზულ პრობლემას ქმნის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულ ქვეყნებსაც, გადაადგილდება რა საქართველოს პასპორტით. ამიტომ მას ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც გადაეფარა ფარცხალაძეს, მას არ დასჯის და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც აქვს საზოგადოებას და პრეზიდენტს, იყო საქართველოს მოქალაქეობის წართმევა,“ – განაცხადა დეკანოიძემ.