გუშინ, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გაიჟღერა ე.წ. “კანონიერი ქურდის“, ნოდარ შუკაკიძის, იგივე „ნოდო გლდანსკის“ სახელმა. დაპირისპირების დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე. მისი თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების დავალებით თბილისის საკრებულოს წევრს, სწორედ შუკაკიძის დაჯგუფება, პოლიტიკური მოტივით გაუსწორდა. ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის წევრს, კოტე ზარნაძეს კავშირი აქვს კრიმინალურ „ავტორიტეტთან“.
საპირისპიროს ამტკიცებს „პრაიმტაიმის“ წყარო და ის ფოტომასალა, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდთან “ დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს თავად დაზარალებულ ირაკლი ეძგვერაძეს. რამდენიმე ფოტოში ეძგვერაძე ნოდარ შუკაკიძესთან და მის გარემოცვასთან ერთად არის გადაღებული. უფრო მეტიც, ფოტოებით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მეჯვარეა.
შუკაკიძის გარდა ერთ-ერთ ფოტოზე ეძგვერაძე სხვა ე.წ. „ავტორიტეტების“ გარემოცვაშიც ფიგურირებს, მათ შორის ჩანს ცნობილი სომეხი ე.წ. “კანონიერი ქურდი“ სურენ ავეტისიანი, მეტსახელად “სურო“.
თავად ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში „ჭყიპინას” მეტსახელით იცნობენ და როგორც წყარო გვიყვება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისვლამდე რამდენიმე კრიმინალურ საქმეშიც ფიგურირებდა. ნოდარ შუკაკიძის მსგავსად ისიც ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან მძიმედ დაჭრა უბნელი ჯემალ დოლიძე, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამისთვის ეძგვერაძე სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა.
წლების შემდეგ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და ნიკა მელიას გუნდის სახელით თბილისის საკრებულოშიც მოხვდა. სააკაშვილის შეწყალების და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შემდეგ ყოფილ მეგობრებთან და “შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან ურთიერთობა დაეძაბა. მისი გარემოცვის ნაწილმა ნოდარ შუკაკიძის პოზიცია გაიზიარა, თუმცა ნაწილი ეძგვერაძის გარემოცვაში დარჩა, რის გამოც, ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.
წყარო ჰყვება, რომ გლდანში ირაკლი ეძგვერაძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმაც სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა თავად ეძგვერაძე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. რა ვიცით თავად ნოდარ შუკაკიძეზე? – ის ამჟამად 33 წლისაა და ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს, საბერძნეთში „აკურთხეს“. ის ქართველი სამართალდამცველების ჩართულობით და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, 2018 წელს საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, სხვა რამდენიმე კრიმინალურ “ავტორიტეტთან“ ერთად დააკავეს.
პრაიმ ტაიმი