ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინეს“. თითქოს რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, რომ ქართველი ხალხი რომელიმე პრემიის კანდიდატობის ღირსად გამოარჩიეს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია ქართველი ხალხის გაიგივება ერთ პიროვნებასთან. – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სახაროვის პრემიაზე წარდგენით ნინო ლომჯარიას ქართველი ხალხის სახედ წარმოჩენის მცდელობა, „ომის პარტიის“ გადაწყვეტილებას ემსახურება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სათავეში ახალგაზრდა ქალი უნდა ჩაუდგეს, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მსგავსად, ყველა დავალებას შეასრულებს.
„ნინო ლომჯარია – ქართველი მაია სანდუ?
„ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინეს“. თითქოს რა უნდა იყოს იმაზე სასიხარულო, რომ ქართველი ხალხი რომელიმე პრემიის კანდიდატობის ღირსად გამოარჩიეს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია ქართველი ხალხის გაიგივება ერთ პიროვნებასთან. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს არ ნიშნავს პიროვნების ერთან გაიგივებას, მაშინ უნდა ახსნას, რას ნიშნავს ასეთი წარდგენა. ისტორიაში ხდება ხოლმე, რომ გამორჩეულ პიროვნებას თავის ერთან აიგივებენ, მაგრამ ეს იმდენად იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევებია, რომ უფრო იდეურ ან იდეოლოგიურ ჟანრს მიეკუთვნება და არა პოლიტიკურ- სამართლებრივს. მაგალითად, გაგვიგია, რომ არსებობს თომას ჯეფერსონის ამერიკელ ხალხთან, ილია ჭავჭავაძის ქართველ ხალხთან, მაჰათმა განდის ინდოელ ხალხთან გაიგივების ლამაზი, პოეტური შედარებები, მაგრამ ეს უფრო ემოციურ- სადღეგრძელოს დონეზე ნათქვამი სხარტი გამონათქვამებია და ფენომენალური ადამიანების ასეთ კონტექსტში მოხსენიება არ ქმნის უხერხულობას. ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, როდესაც მთელი ერი მის წარმომადგენელ ერთ პიროვნებასთან ერთად რომელიმე პრემიის კანდიდატად წარედგინოთ და ამ სამართლებრივი სტატუსით ეს პირი ერის სახესთან გაეიგივებინოთ. აღარაფერს ვამბობთ ნინო ლომჯარიას ფიგურის და ქართულ საზოგადოებაზე მისი გავლენის ძალიან საეჭვო, არაერთგვაროვან შეფასებაზე.
თუ პრემიაზე მისი წარმდგენები, ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის საკამათო პერიოდს ასე დადებითად აფასებენ, მაშინ ეს მისი ომბუდსმენობის დროსაც შეეძლოთ გაეკეთებინათ, რასაც განსაკუთრებული მხარდაჭერისა და წახალისების მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ასეთი ნომინირება ხდება დღეს, როდესაც სახალხო დამცველად მისი მუშაობის პერიოდიდან ხალხს უფრო მეტად დაამახსოვრდა მისი პოლიტიკური და არა უფლებადაცვითი ხასიათის განცხადებები, ათასობით პატიმრიდან მხოლოდ ცნობად, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პატიმრებზე ზრუნვა. მისი მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საჭიროების შესახებ, ვფიქრობთ, სავსებით გასაგებია, რას ემსახურება ლომჯარიას ქართველი ხალხის სახედ წარმოჩენის მცდელობა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში მრავალი გამოხმაურება დაიწერა, მილოცვებიც იყო, მოწონებებიც და ლომჯარიას ლანძღვა-გინებებიც, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენში ყველა საკითხზე გამოითქმება ხოლმე სრულიად განსხვავებული აზრები. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება ნინო ლომჯარიას და ქართველი ხალხის ამ პრემიაზე ერთად წარდგენის უხერხულობას. საინტერესო და უცნაურია ისიც, რომ ამ უხერხულობას თვითონ ლომჯარიაც არ გრძნობს და პირიქით, ირაკლი კობახიძეს და კახა კალაძეს პერსონალურად ამუნათებს, რატომ არ გიხარიათ ასეთი წარდგენა, რა, თქვენს თავს ქართველ ხალხს არ მიაკუთვნებთო?
ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო მარტივი და ცხადია. იმ გავლენიანმა დასავლურმა ძალებმა, რომლებიც კრებითად „ომის პარტიად“ მოინათლა, გადაწყვიტეს, რომ მოლდოვას მსგავსად საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალგაზრდა ქალბატონის მოყვანა სცადონ. ლოგიკა მარტივია: თუ იქ ყოფილმა ენჯეოშნიკმა მაია სანდუმ გაამართლა და მიუხედავად მისი მმართველობის პერიოდში ამ ქვეყნის მოსახლეობის მასობრივი გაღარიბებისა, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის აკრძალვისა, პოლიტიკური რეპრესიებისა, მაინც „დემოკრატიის შუქურად“ თვლიან, რადგან „ომის პარტიის“ ყველა მოთხოვნას ასრულებს, რატომ არ შეიძლება ნინო ლომჯარია ქართველ მაია სანდუდ იქცეს და ასევე უსიტყვოდ შეასრულოს „ომის პარტიის“ ყველა მოთხოვნა? მით უმეტეს, ეს ქალბატონი ლგბტ აღლუმების საქართველოში ჩატარების თავგამოდებული პროპაგანდისტიც არის, ქართული ტრადიციებისა და რელიგიის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლიც და თან საჯაროდაც აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში სამარცხვინოა და ამ სირცხვილის თავიდან ასაცილებლად ურჩევნია, საქართველოში რუსული ბომბები ცვიოდეს. და ბოლოს, ამ ვარაუდს აძლიერებს ერთი ფაქტი: თუ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ლომჯარია ახალი არასამთავრობოს შექმნის თაობაზე თავიდან „მორცხვად“ აცხადებდა, რა მინდა პოლიტიკაში, მე სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა ვაკეთო „დემოკრატიული ღირებულებების დაცვის“ საქმეო, ამ რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადა, ჩემი ორგანიზაციის არ ვიცი, მაგრამ მე პოლიტიკაში იმის მიხედვით წავალ, რამდენად დაჭირდება პოლიტიკას ჩემი თავიო, ანუ რამდენად მოამწიფებენ ჩემი მმართველი ბიძიები და დეიდები საქართველოში ამისათვის პოლიტიკურ სიტუაციასო.“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.