GD Banner
რელიგია

მეუფე შიო: სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული, სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება – უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით

სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული… სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად… იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე… მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება.. – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა ) ქადაგებისას განაცხადა.

„ ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მისი გამოცდის მიზნით მიდის რჯულის მცოდნე ადამიანი და ეკითხება: „მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება?“ უფალი მიუგებს: „გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ამ ორ მცნებაზე დამოკიდებულია რჯული და წინასწარმეტყველნი“, – დასძენს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარში. და მართლაც, მთელი რჯული ამ სიყვარულის მცნებაზეა დაფუძნებული, მთელი წმინდა გარდამოცემა.

სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული, როგორც მოსეს მიერ ბოძებული მცნებებისა, დღეს მისი ხსენებაა, სხვათა შორის. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა, ასევე უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული მცნებებისა.

და თუ არის ასეთი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მაშინ აზრი აქვს მცნებების დაცვას, მაგრამ თუ არ არის არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ ეს იქნება მკვდარი რწმენა და მცნებების უსიცოცხლო შესრულება. ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ასულდგმულებს

სწორედ სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად. აი, ამ ყოველივე საფუძველია სიყვარული.

მაგრამ ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ ან ვინ არის ჩვენი მოყვასი? ჩვენ, ერთის მხრივ, გარკვეულწილად გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ჩვენი ოჯახი, გვიყვარს ჩვენი სანათესავო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გვიყვარს ჩვენი სოფელი ან ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან იმ ქალაქის რომელიმე უბანი გვიყვარს, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთია, როგორსაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვს? იგი მოითხოვს, რომ მოყვასისადმი სიყვარული ეფუძნებოდეს ღმერთის სიყვარულს. ვკითხოთ ჩვენს თავს: გვაქვს ასეთი სიყვარული? ვგრძნობთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციერი? გვიყვარს იგი, როგორც მამა? უფალი იესო ქრისტე ჩვენგან მისდამი, როგორც ზეციერი მამისადმი,

სწორედ ასეთ სიყვარულს მოითხოვს. როდესაც ასეთი სიყვარულია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და, თუ ღმერთი არის მამა ჩვენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია. თუ არ იქნება ასეთი სიყვარული ღვთისადმი, მაშასადამე, არც მოყვასი გვყვარებია სათანადოდ, მცირედ გვყვარებია და ეს ჩვენი ბუნებრივი სიყვარული, რომელიც ჩამოვთვალე – ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, ახლობლებისადმი და ასე შემდეგ, იქნება ძალიან მყიფე და პირობითი, ნამდვილი სიყვარული კი ასეთი არ უნდა იყოს.

მაშ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული? – ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი. მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერებაც, ჩვენი კეთილდღეობაც, ჩვენი მშვიდობაც, ჩვენი კულტურაც, მთელი ჩვენი ცხოვრებაც.

უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე მოიტანა სიყვარულის ახალი მცნება, ასეთ სიყვარულს არსად არავინ და არასდროს არ ასწავლიდა. მხოლოდ უფალი იესო ქრისტე ასწავლიდა. იგი გვმოძღვრავს ჩვენ: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.“ ეს რას ნიშნავს? – რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემაც თავგანწირული სიყვარულით შეგვიყვარა ჩვენ. ნამდვილი სიყვარულიც შეიძლება იყოს არა თავგანწირული? ნამდვილი სიყვარულიც ასეთი თავგანწირულია.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა დღეს, მაგრამ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე, სიმდაბლის ღვაწლი, ვინაიდან მხოლოდ სიმდაბლე ხსნის ჩვენში ასეთი სიყვარულის ძალას, უნარს, შესაძლებლობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სიმდაბლის ღვაწლის, ამ ჯვრის აღების, არადა, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ყველაზე მეტად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სრულყოფილების სიმტკიცე, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კუტალაძეებს, ქოხიაშვილებს, მიშველიძეებს, ოქროცვარიძეებსა და ოქროსცვარიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა