არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ეროვნულ კვლევებს, რომელიც გვიპასუხებს, რა უნდა საზოგადოებას, როგორ და ვისთან ერთად წარმოუდგენია „ლელო“ – მაგალითად, ჩვენ წარმოგვიდგენია „დროასთან“ და „გირჩთან“ერთად, წარმოგვიდგენია ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან“,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ორი პარტია, რომელთანაც „ლელოს“ პოლიტიკური თანამშრომლობა არ წარმოუდგენია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
„როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა? ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ორპარტიული პოლარიზების მიღმა არსებული, გაძლიერებული მესამე ალტერნატიული ცენტრით, რეალური ალტერნატიული ცენტრით. ეს უნდა გაკეთდეს იმ პოლიტიკური სახეებით, მათ შორის არაპოლიტიკური სახეებით, პოლიტიკური სუბიექტებით, რომელთა მიმართაც არ არსებობს მძიმე პოლიტიკური შეკითხვები და წარსული. ყველა, მინუს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. აქ არის მნიშვნელოვანი დათქმები – შინაარსობრივი თანხვედრა და ლაიტმოტივად პროდასავლურობა უნდა გასდევდეს მთელ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი და ყველა მსგავსი ერთობა საზოგადოებასთან უნდა იყოს შეთანხმებული.
ამ ეტაპისთვის, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ეროვნულ კვლევებს, რომელიც გვიპასუხებს, რა უნდა საზოგადოებას, როგორ და ვისთან ერთად წარმოუდგენია „ლელო“ – „დროასთან“ და „გირჩთან“ერთად,წარმოუდგენია ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან…რა არის საზოგადოების დაკვეთა, ყოველთვის ვეკითხებით საზოგადოებას. ამ კვლევებს ვატარებთ და ველოდებით შესაბამის პასუხებს და შემდეგ ეს იქნება აღსრულებული“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბების საკითხზე ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კომუნიკაცია უკვე არსებობს.
„კომუნიკაცია არსებობს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ჯგუფთან, მაგრამ ამ კომუნიკაციას არ აქვს რაიმე ტიპის შეთანხმების წინაპირობები ამ ეტაპისთვის. ერთადერთი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პოლიტიკური ჯგუფების მიღმა საზოგადოება და მედია ხედავდეს მათ შორის საზოგადოებრივ სახეებს, ავტორიტეტებს. მათი მხრიდან არის მზაობა და დაშვება იმისა, რომ არაპარტიულ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართული. ისინი ნათლად ხედავენ, რომ ამ ქვეყნისთვის დგება ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებთანაც მოლაპარაკება თავად ჰქონია, ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ისინი საკუთარ თავს ამ ქვეყანაში უბრალოდ ვეღარ ხედავენ.
რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით, როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ეს საკითხი ძალაში რჩება და მას საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი არ უერთდება.