თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, შენობის ავარიულობის გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესაძლო დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის” პროგრამის ბენეფიციარები სერვისების გარეშე არ დარჩებიან. ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, საჭირო თერაპიას მიიღებს ყველა და ისინი ალტერნატიულ ცენტრებში გადანაწილდებიან.
„ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობაა. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ აღნიშნული პრობლემის შესახებ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უწყვეტად ვზრუნავთ ბავშვებსა და მოზარდებზე, ყველა მიიღებს საჭირო თერაპიას და ისინი სურვილისამებრ ალტერნატიულ ცენტრებში გადანაწილდებიან. აღნიშნული პროგრამა წლიდან წლამდე ძლიერდება. დაფინანსების გაზრდით, იზრდება პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელთა რიცხვი 1850-ია. მთლიანი თანხის ოდენობა კი 7 383 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება, სერვისების მიმწოდებლებს, მათი რაოდენობაც ცხრამდე გაიზარდა“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.