GD Banner
პოლიტიკა

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სანქციების ახალი პაკეტი ერთ-ერთი უმსხვილესია ამ დრომდე დაწესებულ შეზღუდვებს შორის და მიმართულია რუსეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს მოქალაქეებისა თუ კომპანიების მისამართით, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და დასავლურ ტექნოლოგიებს რუსეთში ყიდიან და ამით ხელს უწყობენ ომს.

„დღევანდელი ქმედების ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის სამიზნეა ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობენ სანქციების თავიდან არიდებასა და გვერდის ავლაში. ისინი, ვინც ხელს უწყობენ რუსეთის შესაძლებლობების გაფართოებას, უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში და ისინი, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის მომავალი ენერგოწარმოების გაძლიერებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს აწესებს 70-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ენერგომატარებლების წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალის გაფართოებაში, ოპერირებენ რუსეთის მეტალურგიულ და სამთო-სამრეწველო სექტორებში და ეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, თავი აარიდონ საერთაშორისო სანქციებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერს, ალექსანდრ ონიშენკოს და ასევე, ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომლებსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ოთარ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის, ხოლო ალექსანდრ ონიშენკო ხელმძღვანელობის, მაღალი თანამდებობის, აღმასრულებელი პასუხისმგებელი პირის ან რუსეთის ფედერაციის მთავრობის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის. პრესრელიზში ასევე მითითებულია, რომ ონიშენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფეესბე) ოფიცერია.

„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ონიშენკო სავარაუდოდ ეხმარებოდა მის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული მოქალაქეობა და რეგულარულად დადის რუსეთში. ონიშენკო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იყენებდნენ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად. ფარცხალაძემ პირადად მიიღო სარგებელი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან კავშირით.

აღნიშნულ ორ პირს სანქციები უწესდებათ რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის“, –ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში ჰყავს შეყვანილი მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც აწარმოებენ და რემონტს უტარებენ შეიარაღების სისტემებს, მათ შორის „კალიბრის“ ფრთოსან რაკეტებს, რომელსაც რუსული ძალების უკრაინული ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს და პირს, რომელიც დაკავშირებულა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან, მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში საბრძოლო მასალების მიწოდებაში.

„ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასობით სანქციას აწესებს რუსეთის ელიტისა და მისი სამრეწველო ბაზის, ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელთა წინააღმდეგ. მათ შორის, ვაგნერის დაჯგუფების ერთ-ერთ მაღალჩინოსნის მიმართ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის მავნებლური ქმედებების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია პრესრელიზში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა