„მე დარწმუნებული ვარ, ბორელი ამ განცდას წაიღებდა ბრიუსელში, სადაც იტყვის, რომ საქართველოს ან ვაძლევთ კანდიდატის სტატუსს ან იქ საზოგადოება, გარკვეული ხნით ჩავარდება უიმედობაში ევროკავშირის და არა ევროპის მიმართ“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოეწონება საქართველოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და არ მოეწონება რუსეთის ფედერაციას.
„ბორელი იყო საქართველოში და მან პირდაპირ, ხაზგასმით თქვა, რომ მიუხედავად ნებისმიერი ტიპის პროვოკაციების თუ გამოთქმებისა – ევროპა, არასოდეს მიატოვებს საქართველოს. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ არსებობს იმედი და ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რომ ბრიუსელში რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბრიუსელი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ მოეწონება რუსეთის ფედერაციის და მოეწონება ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს. ამის იმედი გაქვს. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. მე დარწმუნებული ვარ, ბორელი ამ განცდას წაიღებდა ბრიუსელში, სადაც იტყვის, რომ საქართველოს ან ვაძლევთ კანდიდატის სტატუსს ან იქ საზოგადოება, გარკვეული ხნით ჩავარდება უიმედობაში ევროკავშირის და არა ევროპის მიმართ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
იგი ასევე, შეეხო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც ეხებოდა აშშ-ს მხრიდან სამხედრო ბაზების განთავსებას საქართველოში.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პროვოკაციულ ინფორმაციებს ავრცელებს და ეს ინფორმაციაც იყო მორიგი პროვოკაცია მათი მხრიდან.
„ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ნეგატიურ ქულებს ყრის თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, ამის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო მაგალითად, გუშინ რაზეც იყო საუბარი. ეს არა მხოლოდ ტყუილი და დეზინფორმაცია, არამედ პირდაპირი პროვოკაციაა, რომ თითქოს აშშ-ს მხრიდან შემოთავაზება თუ წინადადება იყო სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით და ხელისუფლების მხრიდან უარი ითქვა და ა.შ… ეს არა მხოლოდ ტყუილია, არამედ ეს არის პროვოკაცია, რომელიც შემდეგ უარყო, რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩომ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.