GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – სამართალი ნელა, მაგრამ მაინც იმარჯვებს – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გამო, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გამო, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მელიას საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

მისივე თქმით, იქმნება „მოჯადოებული წრე“, რომელშიც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ყალბი მოტივით საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და არასწორ აღქმებს ქმნის. პაპუაშვილის განცხადებით, ამ „მოჯადოებული წრის“ გარღვევა ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უფრო დაკვირვებულები და კეთილსინდისიერნი უნდა გახდნენ.

„სამართალი ნელა, მაგრამ მაინც იმარჯვებს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულად ცხადი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ფორმალური თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება 2021 წლის თებერვალში სამართლიანიც იყო და ლეგიტიმურიც. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები არ დარღვეულა, მელიას დაპატიმრება იყო სამართლიანი და არ შეიცავდა არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას.

ეს ცხადი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის, რომლის ვერდიქტებიც, ბოლო რამდენიმე შემთხვევაში, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა სრულად დაადასტურა.

გადაწყვეტილებამ, ასევე, გვიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო. ამ უსაფუძვლო კრიტიკამ, საუბედუროდ, ხელი შეუწყო საქართველოს შესახებ არასწორი აღქმების დაუსრულებელი და თვითგანახლებადი ტალღის წარმოშობას.

და ბოლოს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ვინაიდან ეს განცხადებები უბიძგებს ოპოზიციაში მყოფ მელიასებრ რადიკალებს, რომ კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ და კიდევ უფრო დამაზიანებელი პოლარიზაცია გამოიწვიონ.

იქმნება მოჯადოებული წრე, რომელშიც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ყალბი მოტივით აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და ქმნის არასწორ აღქმებს, ხოლო მცდარი და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებები პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და პოლიტიკურ კლიმატსაც უფრო ამძიმებს. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უფრო დაკვირვებულები და კეთილსინდისიერნი უნდა გახდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა იგრძნონ საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების გამო“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,953 ნახვა