ერთადერთი აზრიანი ლოგიკა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას აპირებს და ეს უნდათ სალომე ზურაბიშვილს „შეაზილონ“ და ეს კონცერტი მოაწყონ, რაც ახლა ხდება მიშას გამოსაშვებად , – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და „ქართული ოცნების“ მიერ, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი შეაფასა.
როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ეს თემა „უდიდესი სიბრიყვეა“ ან მიხეილ სააკაშვილის გაშვების გზაა.
„თუ ასე მოხდა, ე.ი. „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების გზა მოიფიქრა და უნდათ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილს „შეაზილონ“.
ერთადერთი აზრიანი ლოგიკა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას აპირებს და ეს უნდათ სალომე ზურაბიშვილს „შეაზილონ“ და ეს კონცერტი მოაწყონ, რაც ახლა ხდება მიშას გამოსაშვებად. სააკაშვილი რომ გამოუშვა, ვიღაცას უნდა დააბრალო.
ეს თემა უდიდესი სიბრიყვე მგონია: დაიწყო კამპანია, სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენო, გაანადგურო საკონსტიტუციო სასამართლო და შემდეგ პარლამენტში ჩააგდო ეს პროცესი, იმიტომ რომ სათანადო დოზის „ნაცები“ ვერ გადაიბირე, საბოლოო ჯამში ეს სიბრიყვეა ან მიშას გაშვების გზა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
კითხვაზე, რაში აწყობს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაშვება, ხვიჩიას შეფასებით, მესამე პრეზიდენტი მმართველი გუნდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და, პირიქით ხელისუფლებას აწყობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს.
„მიშათი ხალხს ვერ აშინებენ. მიშა სუსტია, ხალხს არ ეშინია, ეცოდებათ. ხალხს, რომ ეცოდება, ისეთი მიშა რაში გამოდგება? – ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება არ არის პრობლემა. პრობლემაა „ნაცების“ ისე დასუსტება, რომ სხვა გაგიხდეს დასამარცხებელი. „ნაცები“ ისე სუსტდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე მთავარ „საფრთხობელად“ ვერ გამოდგებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვება მოხდება „ქართული ოცნების“ თანხმობის გარეშე.
ხვიჩიას მოსაზრებით, კიდევ ერთი ლოგიკა შეიძლება იყოს აღნიშნული თემის წამოწყებით, მოხდეს მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა.
„სალომე ზურაბიშვილი რომ იყო ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე უხერხულიც კი არის სააკაშვილის გათავისუფლება. მიხეილ სააკაშვილის გაშვება „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი ქმედებაა.
შეიძლება ამ საკითხით თემების გადაფარვას ცდილობდნენ. სექტემბრიდან შეიძლება სიგიჟეებს აპირებენ, ამიტომ საჭიროა რაღაც თემა ტრიალებდეს. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტს მოუწყობენ. საერთოდ, ფანტასტიკა მგონია, ამიტომ ეს ხდება ყურადღების გადასატანად.
მიშა ისევ საფრთხე რომ იყოს ის უნდა იყოს თავისუფლებაში, შეიძლება არა საქართველოში. შემდეგ აქ დაიწყო ხალხის დაშინების კამპანია, რომ ჩვენ თუ არა მიშა მოვა. ეს ორი ვერსია მგონია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სალომე ზურაბიშვილს დიდი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეს და ევროპაში დაგეგმილია ვიზიტებიც სწორედ პარტნიორების ნდობის მოპოვებას ემსახურება, ხვიჩიას თქმით, ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს.
„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ის არ დარჩება პოლიტიკაში. უბრალოდ, თუკი „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გამოშვება, სალომე ზურაბიშვილი ამაში დაეხმარება მათ. ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ პინგ-პონგი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.