GD Banner
პოლიტიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის აუცილებელი 100 ხმა არ აქვს, საკითხის კენჭისყრა გააშიშვლებს სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საერთო დღის წესრიგს, ხელი შეუშალონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპელ ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, მისი პოზიციების გამო კონტრპროდუქტიულია.

სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს. ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლმენტო გუნდი მართავს შეხვედრებს ბრიუსელში, ხომ არ გამოიწვევს ეს დაბნეულობას პარტნიორებში, კობახიძემ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ეს დამაბნეველია. პრეზიდენტი კონსტიტუციას როცა არღვევს, ბუნებრივია, ეს დამაბნეველია პარტნიორებისთვის, ისევე როგორც დამაბნეველი იყო პოლონეთის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების შემთხვევები. პრეზიდენტი როცა უხეშად არღვევს კონსტიტუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია პრეზიდენტს, ვიზიტი განახორციელოს, ეს არის დამაბნეველი და ეს ქმნის უხერხულობას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კუთხითაც პრობლემურია სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, მაგრამ დეტალებში შესვლა არც ღირს. მან ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს დღეს. ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება როგორ გამოჩნდება საერთაშორისო დონეზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ცუდად წარმოჩნდება.

„რა თქმა უნდა, ცუდად, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ბუნებრივია, ეს ცუდად წარმოჩნდება. საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა, მათ შორის ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე როცა არის საუბარი, კონსტიტუციის თანახმად, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს კონსტიტუციურ ორგანოს. პასუხისმგებელი არის მთავრობა და არა პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება, ისაუბროს საკუთარი გზავნილებით და სხვას არ მისცეს საპირისპირო გზავნილების გაჟღერების საშუალება. ასეთ დროს, როდესაც პრეზიდენტი საერთოდ უგულებელყოფს კონსტიტუციას, ეს პარტნიორების თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება. მისი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, სწორედ ამიტომ ამბობს ტყუილს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ასე შემდეგ. საუბარი, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, უბრალოდ ტყუილია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,953 ნახვა