მიმდინარე წელს ევროკავშირი რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმა აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის მონაცემებზე დაყრდნობით The Financial Times-ი წერს.
მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბელგია და ესპანეთი ჩინეთის შემდეგ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან.
საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. ეს განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ევროკავშირი არ ყიდულობდა დიდი მოცულობით თხევად ბუნებრივ აირს, ვინაიდან გაზს გაზსადენის საშუალებით იღებდა. თუმცა ეს ზრდა გაცილებით მაღალია მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის ზრდასთან შედარებით, რომელიც 6%-ს შეადგენს.