შარლ მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას.
ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს.
„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას, მიუხედავად უთანასწორო, მათ შორის საარჩევნო გარემოსი, მიიღებს სტატუსს.
რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე – ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.
„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა