GD Banner
უცხოური მედია

ობოლი ბიზონი, ბახმუტელი ვირი და გოჭები ფრონტის ხაზიდან – როგორ ბრუნდებიან ცხოველები რუსების მიერ დანგრეულ ეკოპარკში

ტოტალური განადგურებისა და ნაღმების არსებობის მიუხედავად, ხარკოვის გარეუბანში მდებარე ფელდმანის ეკოპარკმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. ახლა ცხოველები თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელს თანდათანობით უბრუნდებიან. ამის შესახებ Украинская правда წერს.

რუსეთის შემოჭრის დაწყებისთანავე ეკოპარკი საომარ ზონაში მოექცა, თუმცა ზოგიერთი თანამშრომელი და მოხალისე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცხოველებზე ზრუნვას განაგრძობდა. მათგან 6 გარდაიცვალა. ცხოველების უმეტესობა ევაკუირებულ იქნა, მაგრამ დაახლოებით 300 დაიღუპა.

როგორც ეკოპარკის მფლობელი, ალექსანდრე ფელდმანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რუსი სამხედროები თანამშრომლების ნებისმიერ მოძრაობას აკონტროლებდნენ, მაშინაც კი, როდესაც ისინი უბრალოდ წყლის, ან სტაფილოს მოსატანად გადიოდნენ. რამდენჯერმე კი ნაღმტყორცნებიც გაისროლეს, რასაც ბინადრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მარტის შუა რიცხვებში ნაღმტყორცნებისგან ორი ორანგუტანგი და შიმპანზე დაიღუპნენ. ასევე დაიღუპნენ ლომები, კენგურუები, ჩლიქოსნები და სხვები. ზოგიერთ ცხოველს სტრესის გამო გული გაუჩერდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც ზოოპარკის მფლობელი აღნიშნავს, მიუხედავად დაბომბვისა, იმ პერიოდში ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები, ცხოველების გამოსაკვებად მივიდა.

ეკოპარკში ომის პირველივე დღეებიდან დაიწყეს ცხოველების მომზადება ევაკუაციისთვის. 100 ცხოველის ტრანსპორტირება ანესთეზიის ქვეშ მოუხდათ. ცხოველები ევაკუაციის დროს უკრაინის სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს. ახლა კი ეკოპარკში მისი ბინადრების დაბრუნება დაიწყეს.

ამჟამად ეკოპარკში 25 ცხოველი ბინადრობს, მათ შორისაა აქლემი, რომელიც კოვალივკაში ომის დროს დაიბადა. სხვებს ეტაპობრივად, მათთვის კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ დააბრუნებენ. 

ადგილზე ახლა განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, დიდი ფართობის გამო[140 ჰექტარზე მეტი] ეს პროცესი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა პარკში აცხადებენ, რომ მას ნულიდან ააშენებენ და ამისთვის საკუთარ სახსრებსაც გაიღებენ.

ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს, ეკოპარკის ნაწილმა – ალპაკას ველი – მუშაობა განაახლა. ლოკაცია, რომელიც მთავარი ტერიტორიიდან მაგისტრალის მეორე მხარეს მდებარეობს, მთლიანად განადგურდა.

„ახლა ალპაკას ველი სავსეა სიცოცხლით, საოცარი კონტრასტი იგრძნობა ეკოპარკის ძირითად ნაწილთან შედარებით. სამუშაო დღეებშიც კი ბევრი მნახველია. ალპაკები, აქლემები და ვირები მშვიდად ტრიალებენ გაზონზე. კაფეში ამზადებენ ლანჩებს. ომის შესახებ ერთადერთი შეხსენება აქ არის აბრა ინფოგრაფიკით, გარდაცვლილ თანამშრომლებსა და ცხოველებზე“, – წერია სტატიაში.

ცნობისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ფელდმანის ეკოპარკში 300 სახეობის დაახლოებით 5000 ცხოველი ცხოვრობდა. სტატიაში წერენ, რომ ეკოპარკი ხარკოვის გარეუბანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაცია იყო, სადაც შაბათ-კვირას ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, დღესასწაულების დროს კი მაგისტრალზე დიდი საცობები წარმოიქმნებოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა