არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევის 60 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
კაკაბაძის განცხადებით, ილია II-ის მოღვაწეობა და მისი პოზიციები სანიმუშო იყო არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისი თქმით, სწორედ კათოლიკოს-პატრიარქმა დაუდო სათავე ტაძრებში ახალგაზრდების დაბრუნებას, რაც ათეისტური ეპოქისთვის უცხო ტენდენცია იყო.
„დღეს პატრიარქის ეპისკოპოსად კურთხევის 60 წლის იუბილეა.
მიყვარხარ ჩვენო (ჩემო) უწმინდესო! 60-ზე მეტი წელია დგახარ ჩვენი ქვეყნისა და რწმენის დედაბოძად, რომელსაც ვერ ერევა ვერც მსოფლიოში დატრიალებული ქარიშხალი და ქარბორბალა და ვერც შიდა თუ გარე ბოროტი ძალების სიცრუით გაჯერებული ცილისწამებები.
ეს სამოცი წელი იყო რეალური ფერისცვალება ჩვენი ერის და ეკლესიის სულიერების. პატრიარქის პოზიციები და გადაწყვეტილებები ხშირად ხდებოდა სანიმუშო და სამაგალითო არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსათვის, რათა სწორი მიმართულებით გადადგმულიყო ნაბიჯები.
სწორედ შენი ეპისკოპოსობიდან იღებს სათავეს და მერე პატრიარქობაში უკვე ხორცს ისხამს იმ ათეისტური ეპოქისათვის სრულიად ახალი ტენდენცია, ტაძრებში მორწმუნე ახალგაზრდების უწყვეტი შემოდინება, რომლებიც შენი ქადაგებებით და ცხოვრებისეული მაგალითებით სწავლობდნენ უფლის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს, სანიმუშო მოქალაქეობას, ოჯახისა და მშობლებისადმი პატივისცემას და ზოგადად, სწორი ცხოვრების წესს.
უწმინდესო! კიდევ დიდხანს იყავი ჩვენი ერის საამაყოდ, თაობებისათვის ცხოვრების მასწავლებლად და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მლოცველად!“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
26 აგვისტოს, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი შეუსრულდა.