GD Banner
პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოყენებულია, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი ხმა – არც ერთი ნაბიჯი უკან საქართველოს არ ექნება საკითხზე, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას ეხება

ეს არის ზეწოლის პოლიტიკა საქართველოზე, რომელიც არახალია და გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ არ ვემორჩილებით რუსულ იმპერიალისტურ, შოვინისტურ დიქტატს, გვაქვს ჩვენი გენერალური ხაზი, რომელსაც მივყვებით და რომელიც არ სიამოვნებს ამხანაგ მედვედევს, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შესაძლო შეერთების თაობაზე.

ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ამ ეტაპზე თანმიმდევრული პოლიტიკა იცავს, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე ხელისუფლება ახორციელებს. მისივე თქმით, საქართველო ყველა არსებული საშუალებით ებრძვის რუსულ აგრესიას, რაზეც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მოგებული საქმეებიც მეტყველებს.

“მან [მედვედევმა] რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ლამობს ნატო-ში გაწევრიანებას, ამიტომ არ გამოვა მათთან მეგობრობა, ჩვენ შემოვიერთებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. მომავალშიც რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება, თვით ვლადიმერ პუტინი ხვდება ხოლმე სეპარატისტებს კრემლში და იცით, რამდენიმე მსგავსი შეხვედრა გაიმართა წინა წლებშიც. რუსული იმპერიალისტური სახელმწიფო ამ იერს არ შეიცვლის. ჩვენ გვიცავს თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ეს ხელისუფლება ახორციელებს, რომელიც არც ერთი წამით არ ურიგდება სეპარატიზმს და ანექსიას ქართულ მიწებზე, რომელიც ყველგან, ყველა არსებული საშუალებით ებრძვის რუსულ აგრესიას, რუსეთის ფედერაციის ავ ზრახვებს – შეგახსენებთ უამრავ მოგებულ საქმეს საარბიტრაჟო სასამართლოებში, ტრიბუნალებში, შეუვალ პოზიციას ყველგან, ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე”, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც არ უნდა შეხვდნენ რუსი ლიდერები, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მათ ქმედებებს არავითარი სამართლებრივი ძალა არ ექნება. როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ქართულმა სახელმწიფომ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისთვის.

“ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა, მათ შორის ჟენევის ფორმატიც გამოყენებულია იმისთვის, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი ხმა – არც ერთი ნაბიჯი უკან საქართველოს არ ექნება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ძირძველი ქართული მიწების დაბრუნების საკითხს შეეხება. ვისაც არ უნდა შეხვდნენ რუსი ლიდერები, რაც არ უნდა მოიმოქმედონ მათ, არაფერს, ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ძალა არ ექნება, იმიტომ რომ ეს მიწები არის ოკუპირებული, იქ მოწყობილია ქართველი მოსახლეობის ეთნოწმენდა და გენოციდი, დახოცილია ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, სხვათა შრის, არამხოლოდ ქართველი არამედ ოსიც და აფხაზიც. ჩვენ გვყავს ქვეყანაში თითქმის 300 000 დევნილი, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღე ელოდება თავის მიწა-წყალზე დაბრუნებას და ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილი და საქმე, როგორმე ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად მივაღწიოთ ქვეყნის გაერთიანებას”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,797 ნახვა