სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირ შემთხვევაში განაშენიანების რეგულირების გეგმის და ზოგადად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ეძებენ სახელებსა და გვარებს და ნაკლებია ხოლმე თემატური განხილვა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ მათი ოპონენტების დამოკიდებულება განსახილველ საკითხებზე მაქსიმალურად საქმიანი იქნება.
„რამდენიმე გე-ერ-გე [განაშენიანების რეგულირების გეგმის] გვექნება განსახილველი, რომლებთან დაკავშირებითაც შესაბამის ურბანულ კომისიაზე ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირ შემთხვევაში გე-ერ-გეების და ზოგადად, ნებისმიერი გადაწყვეტილების განხილვისას ეძებენ სახელებსა და გვარებს და ნაკლებია ხოლმე თემატური საუბრები. ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ მაქსიმალურად საქმიანი იქნება მათი დამოკიდებულება“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს სხვა საკითხებთან ერთად, ურბანული დაგეგმარების კომისიის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო პროექტებიც განიხილება. ოპოზიციონერები თბილისის მერიას ურბანულ გენოციდში ადანაშაულებენ და კახა კალაძეს საკრებულოში იბარებენ.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, ოპოზიციონერები და მათი პოზიციის გამტარებლები განაშენიანების რეგულირების გეგმებს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.