GD Banner
პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ – რადიკალებისთვის ბრალის წაყენების ყველანაირი საფუძველი არსებობს – უნდა აღიძრას საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო

„ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც „ხალხის ძალის“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება.

„ამერიკულმა პროკურატურამ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი ხმამაღალი სათაურით: „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, რაც ბრალდებულმა იცოდა, მაგრამ მაინც გამოთქვამდა, რათა უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“.

გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი NGO-ების ყველა თავმჯდომარე. იგივეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს, ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი.

ჩვენი აზრით, არჩევნების გაპროტესტების საქმეზე ტრამპისთვის ბრალის წაყენება სრული აბსურდია. როგორც ჩანს, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის არ იყოს, ამერიკაში ამ სფეროშიც რუსული კანონი მოქმედებს. როდესაც პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ მხოლოდ ეჭვს გამოთქვამს, მაგრამ არავითარ აქტიურ ქმედებას არ ახორციელებს და ამისთვის მას პროკურატურა ბრალს უყენებს, აშკარაა, რომ ამერიკული დემოკრატია ტოტალურ კრიზისშია. ეს ყველაფერი მით უფრო აბსურდულია, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ოდირმაც უამრავი სერიოზული ხარვეზი დააფიქსირა.

თუმცა, რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, აქ რადიკალებისთვის ბრალის წაყენების ყველანაირი საფუძველი არსებობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი რადიკალები არა მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდნენ, არამედ პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ, ცესკოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე თვე პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო მხარდაჭერილი მდიდარი „ენჯეოების“ მიერ, რომლებმაც ცესკოში შეჭრის მოსურნე რადიკალების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაც კი გააპროტესტეს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ღიად უჭერდნენ მხარს. მათივე გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ოქმებში ზედმეტობის მონაცემები, იტყუებოდნენ, რომ ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის გამო, არჩევნების ლეგიტიმურობა თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ყალბ ბრალდებებზე საპასუხოდ, ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გადათვალა მრავალი ათეული საარჩევნო უბანი, უტყუარად დაამტკიცა, რომ არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის შედეგები იყო გაყალბებული. თუმცა, ოპოზიცია და მისი უცხოელი და შიდა მფარველ-სატელიტები პარლამენტის არალეგიტიმურობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდნენ სიცრუის გავრცელებას.

მიგვაჩნია, რომ არა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონით, არამედ საქართველოში მოქმედი ქართული, ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, ნამდვილად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება“, -აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,853 ნახვა