პარტიული ორგანიზაციების მეშვეობით უცხოური დაფინანსების გამოყენება კანონმდებლობით აკრძალულია. არ მგონია, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, როცა იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, უცხოეთიდან ფინანსდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.
როგორც სარჯველაძე ამბობს, კითხვები როცა ჩნდება, ამას შესაბამისი გამოკვლევა სჭირდება.
„არსებობს პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები იმავე სახელწოდებისა და იმავე პიროვნებებით დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან. ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკაში უცხოური დაფინანსება არ უნდა მონაწილეობდეს. პარტიული ორგანიზაციების მეშვეობით უცხოური დაფინანსების გამოყენება პირდაპირ აკრძალულია ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით. ამისთვის გვერდის ავლა როცა ხდება და იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, უცხოეთიდან ფინანსდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას, არ მგონია, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გამახვილებული ყურადღება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის პრაქტიკულად ზღვარი არამც თუ გაფერმკრთალებულია, არამედ საერთოდ წაშლია, როდესაც ერთი და იგივე სუბიექტი ზოგიერთ შემთხვევაში ოპერირებს, როგორც პოლიტიკოსი, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ის ერთი და იგივე სუბიექტია. კანონის მიხედვით, უცხო სახელმწიფოდან პოლიტიკის დაფინანსება იკრძალება. ასეთ დროს პოლიტიკოსები, რეალურად, დაფინანსებას იღებენ უცხო სახელმწიფოსგან. რელევანტური სახელმწიფო დაწესებულება სამართლებრივ კვალიფიკაციას თუ შეისწავლის, შეაფასებს და საზოგადოება ასეთი ქმედებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით ინფორმირებული იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სწორია, რომ კითხვა გაჩნდა და ამას სწორად გამოკვლევა სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ