“ისეთი ამბები ვრცელდება და ადამიანები ისეთ ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს, რომ თმა ყალყზე მიდგება… ჩვენ უკვე ზღვარზე ვართ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება”. ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან! ისაუბრა.
– ქვეყანაში დღეს არსებული ძალიან რთული და საშიში ვითარება უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ. სულ ცოტა ხნის წინ ქეთი დუმბაძეს გაუვრცელეს ამბავი, თითქოს მისი ბაბუა შულავერის კომისიის წევრი იყო. ჯერ ერთი, ტყუილია, მისი ბაბუა ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც ბევრი სხვა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში. თუმცა დავუშვათ, ეს სიმართლეა, ძებნა რომ დავიწყოთ, იცით, რამდენის ბაბუა აღმოჩნდება ბოლშევიკური მთავრობის, მათ შორის შულავერის კომიტეტის წევრი? პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! ამ ამბავზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მიხვდეთ, თუ რაოდენ საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული. როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება და მეორე მხრივ კი თავად საზოგადოების ნაწილი ისე მწვავედ არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების დროსაც კი ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას.
– ამ ვითარებას ის ფაქტი ხომ არ ართულებს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს საზოგადოებასთან უფრო მეტად გახსნილი იყოს და კრიტიკულ კითხვებსაც უპასუხოს? უფრო ნათლად უპასუხოს კითხვებს ვერტმფრენებზე და თუნდაც იმაზე, რატომ არ მიმართეს მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის?
– დაზუსტებით არ ვიცი, რატომ არ მიმართეს დასახმარებლად მეზობელ ქვეყნებს, ვფიქრობ, დიდი მასშტაბის სამუშაო არ იყო. მეზობლებმა დახმარება მეორე დილით შემოგვთავაზეს, როდესაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები უკვე აქტიურად მუშაობდნენ. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ამ დრომდე ეს საკითხი მოგვარებული უნდა ყოფილიყო, თუმცა არასერიოზული იყო იმის მოთხოვნა, რომ ღამით ჩამოფრენილიყვნენ სტიქიის ზონაში. ძალიან რთულია ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით მუშაობა ისეთი რელიეფის რეგიონში, როგორიც შოვია. თქვენ სწორად შენიშნეთ, ხელისუფლება კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა.
ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნაპრალი დიდი ხანია გაჩნდა და უბედურება ის არის, რომ ეს ნაპრალი არ მცირდება, პირიქით. დღეს ხალხს მარჩიელობა უწევს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, საქმეში ჩაუხედავ პირებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ვერსიები გაავრცელონ სოციალური ქსელების საშუალებით. სწორედ ამის შედეგი იყო ისეთი შეთქმულების თეორიების გავრცელება, როგორიც არის ის, რომ თითქოს რუსმა დივერსანტებმა 2008 წლის 8 აგვისტოს აღსანიშნავად შოვის ტერიტორია დანაღმეს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სოციალური ქსელი ეფექტურად უნდა გამოიყენოს საზოგადოების ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმართლესაც აღარავინ დაგიჯერებს.
– უფრო მეტი სიცხადისა და სისტემური პრობლემების დანახვისთვის, ასევე შოვის მსგავსი ტრაგედიის პრევენციისთვის ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მაგრამ ხელისუფლება ამ ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს.
– არადა, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნით, საპარლამენტო იქნება ის თუ სისხლისსამართლებრივი. ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტში მსჯელობის საგანი. ამ საკითხზე რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ღვარცოფი წამოვიდა და მორჩა, დამთავრდა… ყველამ იცოდა, რომ იქ კოტეჯები იდგა, მშენებლობა არ შეიძლებოდა, ამის შესახებ მოსახლეობა ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. სოციალურ ქსელში იმის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეები მთავრობის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ იქ შენობების აგება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მე, როგორც გეოლოგის შვილს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოველ ზაფხულს ტარდებოდა გეოლოგიური სამუშაოები და გეოლოგები ახალ-ახალ კვლევებს ატარებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დინამიკის შესახებ. გადავხედე მასალებს და ვნახე, რომ არსებობს 2021 წელს დაწერილი დასკვნა, სადაც წერია, რომ შოვის ზონა ღვარცოფის საფრთხის შემცველია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც გაეთვალისწინებინათ, რომ კომუნისტების დროს, როდესაც გეოლოგიური სამსახური ძალიან ძლიერი იყო, შენობები ააშენეს მდინარის კალაპოტიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე. ხომ ნახეთ, რომ იმ პერიოდის ყველა შენობა გადარჩა?!
kvirispalitra.ge