შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. მისი ცხედარი ოჯახმა უკვე ამოიცნო.
ახლობლების განცხადებით, 23 წლის სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო და შოვში მუშაობდა.
„სოფო ბაკურაძე, 23 წლის. მუშაობდა შოვში, ცხოვრობდა გლოლაში მშობლებთან, დედმამიშვილთან და თავის ლუსისთან [შვილი] ერთად. ბავშვს მარტო ზრდიდა, მარტოხელა დედა იყო. ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში, დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, მას შემდეგ არ გვინახავს. ცხედარს ვეძებდით. ამოცნობაზე ვიყავით წასული და ამოვიცანით. გუშინ მოხდა გადმოსვენება. ეს დღეები დნმ-ის პასუხს ველოდებოდით. დაკრძალვა სამშაბათს არის. ბავშვი ისევ ონში იმყოფება, ახლობლებთან, რომ ეს სტრესი არ მიიღოს. ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კანფეტზე და მოუტანს“, – განაცხადა თინათინ იჩკიტიძემ.