ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სამუშაოებში ჩართულია ყველა უწყება.
„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი და ნაპოვნი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.
როგორც ონის მერმა აღნიშნა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
„პრიორიტეტული ლოკაციები არის პირველ ეტაპზე შერჩეული, სადაც შესაძლებელი იყო, მოქალაქეები ყოფილიყვნენ. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული მინერალური წყლის, კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენლებმა გზა გაჭრეს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გადაადგილება და სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო განლაგებული. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში, სადაც ბოლოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.
ამასთან, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქიას არავინ ელოდებოდა და გარკვეულმა პირებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ.
„ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს მდინარე შეტანილი არ არის ღვარცოფულ მდინარეთა შორის და, სამწუხაროდ, სტიქიის პირველივე დღიდან გარკვეული პირების მიერ ამ თემებზე სპეკულირება ხდება. მინდა, მათ მოვუწოდო, სპეკულაციებს თავი დაანებონ, მთავარია, გვერდით დავუდგეთ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებიც დაღუპულები არიან“, – აღნიშნა ონის მერმა.