ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული ირაკლი ჭელიძის ძმა “კურიერს“ უდასტურებს, რომ შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. მისი თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაპირდა. მსჯავრდებულის ძმა კურიერს უყვება, რომ შეხვედრა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს ძალადობრივი ქმედებებისთვის გასამართლებული პატიმრის ახლობლებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შორის ათონელის რეზიდენციაში შედგა.
ანგი ხუციშვილი, რომელიც პატიმრის ოჯახის წევრს პირადად შეხვდა, 2020 წლიდან შეწყალების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლია. მანამდე მას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა და მაშინაც შეწყალების საკითხებს კურირებდა. საკადრო გადაადგილება დროში ემთხვევა 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს. მაშინ მკვლელობებში მსჯავრდებული სამი პირის, მათ შორის ერთი ძებნილის შეწყალება პროკურატურის შესწავლის საგანი გახდა. შესაძლო კორუფციული დანაშაულის საქმეზე დაიკითხა თავად ანგი ხუციშვილიც და პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. გამოძიება ამჟამადაც გრძელდება.
პრეზიდენტის მრჩეველმა კომენტარის გაკეთება არც ამჯერად ისურვა. კურიერი დღესაც შეეცადა თავად ანგი ხუციშვილთან გაერკვია, მართლაც ჰქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია პატიმრის ოჯახთან და გასცა თუ არა მან ირაკლი ჭელიძის შეწყალების პირობა.
ცნობილია, რომ სავარაუდოდ მისი პირადი რეკომენდაციით, ორი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილმა უკვე შეიწყალა ირაკლი ჭელიძის ბიძაშვილები – თორნიკე და თამაზ ჭელიძეები. ყველა მათგანი ერთი და იმავე ბრალდებით, ერთ საქმეზე 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. სალომე ზურაბიშვილის მრჩეველთან შეხვედრას ადასტურებენ უკვე შეწყალებული ძმები და “კურიერთან” ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა მათი ნათესავი ირაკლი ჭელიძეც ციხის გარეთ იხილონ.
დატოვებს თუ არა ირაკლი ჭელიძე საპატიმროს მარიამობის შეწყალებაზე – ეს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ გაირკვევა. ჭელიძე ერთ-ერთია იმ 7 დაკავებულს შორის, რომლებიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს. აქედან ორი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უკვე თავისუფალია. ირაკლი ჭელიძესთან ერთად ჯერჯერობით საპატიმროში რჩებიან ძმები – ფირუზ და რეზო წულუკიძეებიც. მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე 2013 წელს უკვე ნასამართლევია სხვა საქმეზეც – მაშინ ის უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმში დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, დროებით საცხოვრებელ ბინაში წულუკიძე საერთაშორისო ძებნაში მყოფ რუსეთის მოქალაქეს, იუსუფ ლაკაევს მალავდა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები ამოიღეს.