დეზინფორმაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ ამიტომაც არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მილიონებს იღებს უცხოური დაფინანსებით, თითქოს დეზინფორმაციის მხილებისთვის და ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველო ხდება დეზინფორმაციული თავდასხმის ობიექტი, ან ჩუმად არიან, ან ამ დეზინფორმაციის მონაწილე არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის კორპორატივიზმი, რომელიც არსებობს არასამთავრობო სექტორში, ყოველ ჯერზე, როდესაც არის სიმართლით მხილება, ცდილობს მამხილებელზე შეტევას.
„გადახედეთ მათ მხილებებს. აბსოლუტურად ქარის წისქვილებს ებრძვიან თავის მხილებებში. დეზინფორმაციის მიზანი ყოველთვის არის საზოგადოებაში დაბნეულობის, პანიკის შეტანა და ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობა. როდესაც ვხედავთ, რომ ამ დროს, ნაცვლად იმისა, ეს დეზინფორმაცია ამხილონ, არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო უარესს აკეთებენ. გუშინ ერთ-ერთი ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებისა გამოეხმაურა ჩვენ მიერ მხილებებს და ეს შეაფასა როგორც თავდასხმა მედიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციაზე. რა გამოდის, რომ ტყუილი ეს არის სიტყვის თავისუფლება და ტყუილის მხილება არის თავდასხმა? სწორედ ეს არის, როდესაც ვსაუბრობ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაცის აქვს. ტყუილი არანაირად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ტყუილის მხილება. მნიშვნელოვანია, რომ ის კორპორატივიზმი, რომელიც არსებობს არასამთავრობო სექტორში, რამდენიმე დომიმანტური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დომინირებს სხვა ენჯეოებზე და აქვთ შეკრული კორპორატივისტული ჯგუფი, როდესაც არის სიმართლით მხილება, ყოველ ჯერზე ცდილობს შეტევას მამხილებელზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ არა საზოგადოების სახელით და მის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი კორპორატივისტული ინტერესებისთვის.
გაიხსენეთ, თუნდაც 2020 წლის არჩევნები და ისფედის თავგადასავალი. მაშინაც ვამხელდით და გვაბრალებდნენ, რომ ეს იყო თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. სხვა, ნებისმიერი კრიზისული მომენტი, როდესაც ეს ე.წ. ფაქტების შემმოწმებელი პროექტები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ უცხოური დაფინანსებით ვითომ საქართველოს საკეთილდღეოდ, სინამდვილეში კი ეს არის წყალში გადაყრილი ფული უცხოელი გადასახადის გადამხდელებისა, ნაცვლად იმისა, ამ საქმით იყვნენ დაკავებული, ამ დროს არიან ყოველთვის ჩუმად. მათ არ უმხელიათ არცერთი ყალბი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის შესახებ. იცით, რომ პარტია „დროას“ ლიდერს განსაკუთრებით ამ თემებზე რამდენიმე ბრიფინგი აქვს ჩატარებული. არცერთი ასეთი დაბრალება არ უმხელიათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მილიონებს იღებენ თითქოს ამ საქმისთვის, რაც აჩვენებს, რომ ისინი არა საზოგადოების სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობენ, არამედ საკუთარი კორპორატივისტული ინტერესებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა