ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების და რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მუდმივი მცდელობების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ორ სახელმწიფოს შორის 200-წლიანი ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
მასხარაშვილი მიმოიხილავს უახლოეს წარსულში განვითარებულ მოვლენებსაც და აღნიშნავს, რომ ომის უკანასკნელი ცხელი ფაზა 2008 წლის 8 აგვისტოს იყო, თუმცა, რუსეთი საქართველოს მტრად რჩება.
“რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მცდელობები ჯერ კიდევ 1770 წელს ტოტლებენის მიერ ერეკლე II-ს დამხობის მცდელობითა და 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის თავზე მოხვევით დაიწყო.( ტოტლებენი ერეკლემ გააძევა, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტატი 1787 წელს გაუქმდა).
1801 წელს იმპერატორებმა პავლე I-მა და ალექსანდრე I-მა მანიფესტები გამოსცეს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ და 1802 წლის აპრილში რუსულმა ჯარმა ქართლ-კახეთის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. სწორედ 1802 წლიდან დაიწყო რუსეთ-საქართველოს 200 წლიანი ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს მიწაწყალს!
ამ ომს ჰქონდა ცხელი და ცივი ფაზები. ცხელი ფაზები იყო 1802 წლის ანტირუსული აჯანყება; 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, 1810 წლის იმერეთის აჯანყება; 1812-13 წლების კახეთის აჯანყება; 1819-20 წლების იმერეთ-გურიის აჯანყება; 1850-იანი წლების უტუ მიქავას აჯანყება და ასე შემდეგ.
რუსეთს საქართველოს დასაპყრობად 65 წელი დასჭირდა და მხოლოდ 1867 წელს სამეგრელოს სამთავროს იურიდიულად გაუქმებით დასრულდა ანექსიის პროცესი, მაგრამ ქართველ ერს არც მერე შეუწყვეტია რუსების განდევნისათვის ბრძოლა: 1865 და 1877-78 წლებში ანტირუსული აჯანყება მოხდა აფხაზეთში, ხოლო 1871 წელს რუსეთს აუჯანყდა სვანეთი.
1917 წელს რუსეთის იმპერია დაემხო და 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. რუსეთ- საქართველოს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა 1918-შიც, 19919-შიც, 1920-შიც და 1921-შიც. სამჯერ დავამარცხეთ რუსები, მეოთხედ ჟორდანიასა და კვინიტაძის ბედოვლათობის წყალობით დავმარცხდით.
1921 წელს ბოლშევიკური ოკუპაცია დაიწყო, ხოლო 1922 წლის 30 დეკემბრიდან დაპყრობილი და გასაბჭოებული საქართველო ძალით გააწევრიანეს სსრკ-ში. ამის მერე იყო 1922 და 1924 წლის აჯანყებები, 1937 წლების რეპრესიები, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წლის 14 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილი, რაც ადასტურებდა, რომ ქართველი ერი რუს დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა!
1991 წელს დაინგრა სსრკ და დამოუკიდებლობა აღიდგინა საქართველომ, მაგრამ აწ რუსეთის ფედერაციად გარდაქმნილმა რუსულმა იმპერიამ პირველივე დღეებიდან გააჩაღა საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი და ეგრეთწოდებული ეთნოკონფლიქტები! დესტრუქციის ექსპორტით ცდილობდა ელცინის რუსეთი საქართველოს დანგრევასა და ხელახლა დამონებას. (1992-2008 წლებში რუსეთის ჯარი მშვიდობისმყოფელთა სტატუსით აგრძელებდა ჩვენი მიწის ოკუპაციას). მაგრამ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, ქართველი ერი ვერ დაიმონა და 2008 წლის 8 აგვისტოს აშკარა აგრესიაზე გადმოვიდა! პუტინისა და მედვედევის ბრძანებით რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბიდან საქართველოში შემოიჭრა, რუსეთის ავიაციამ და სარაკეტო ჯარებმა საქართველოს დაბომბვა დაიწყეს, მაგრამ ქართული მხედრობის გმირული ბრძოლის წყალობით მიზანს ვერ მიაღწიეს! თბილისი ვერ აიღეს , მშვიდობისმყოფლის მანტია დაკარგეს და ოკუპანტებად გამოცხადდნენ გაეროს, ნატო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან!
ხვალ 8 აგვისტოს 15 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ომის უკანასკნელი ცხელი ფაზის განახლებიდან. დღეს რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც რუსეთის ჯარის მიერაა ოკუპირებული, შესაბამისად, რა უვიზო რეჟიმიც არ უნდა არსებობდეს რუსეთ-საქართველოს შორის , რუსეთი საქართველოს მტრად რჩება, სანამ რუსეთის ჯარი არ გავა საქართველოს ტერიტორიიდან და რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად! 2008 წლის 8 აგვისტო გვემახსოვრება მარად!” – წერს სიმონ მასხარაშვილი Facebook-ზე.